შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ „ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს.“
ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა.
„სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოიკითხება.
„მოქალაქეების“ პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები.
„საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა.
პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ელისაშვილი პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.