ხავიერ კოლომინა: ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მისი თქმით, NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით.


„საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," წერს კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე.



შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.