როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე გრიგორიადისი

7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს, 12 აპილს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს.


როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც მისი ინფორმაციით მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ არც თავად ბრალმსჯავრდებულს ჩაბარებია და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუღია პენიტენციური დაწესებულებისგან ეს დოკუმენტი.


„კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ," - ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.


სასამართლოში მას განუცხადეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღის ვადა აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, რომლითად სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია - ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14 დღიანი ვადის გამოყენების შესაძელბლობას. პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია, განაჩენის მიღების შემდეგ.