პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ქმედებებზე: ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, LN24-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


მინდა, თქვენი რეაქცია გაგვიზიაროთ ამ კადრებთან დაკავშირებით, ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი ცდილობს მათი ბრაზი და წინააღმდეგობა გამოხატოს უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ.

საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ბევრად უფრო ადრეც, საუკუნეებით უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ გასაოცარი არ არის ეს [გამოსვლები], რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.


და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით.


თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელ პირობებზე, გასატარებელ რეფორმებზე საუბრობდით. ეს კანონი კატასტროფაა ქვეყნისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუსაბამოა?

ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას მასზე. ჩვენ სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებითაც არ არის არანაირი ხილვადი პროგრესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არაფერი არ კეთდება, ან პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ ხელი შეეშალოს ამ პერსპექტივას, ამ შესაძლებლობას, რომელიც გვეძლევა  ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო ამას იმედოვნებდა და რომ ეს შესაძლებლობა მათ ერთმევათ. თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება - დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება.


რუსეთს სურს, სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ  რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა.


ამ ათასობით მანიფესტანტების კადრების გარდა, ასევე ვნახეთ ქაოსის კადრები, თუ როგორ ურტყამს უმრავლესობის დეპუტატს ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, რაც შემდეგ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის კადრის თავიდან არიდება გენდომებოდათ სავარაუდოდ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინაშე.

ძალიან სამწუხაროა, ეს ასახავს იმ დიდ დაძაბულობასა და პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანაშია. სხვათა შორის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 9 რეკომენდაციიდან ერთ -ერთი რეკომენდაცია ამ პოლარიზაციის შემცირებაა.


ეს საკითხი ჩემთვის შემაშფოთებელია, ჩემი მანდატის დასაწყისიდან ვცდილობდი სწორედ ამ პოლარიზაციის შემცირებას და ახლაც ვცდილობ გავაერთიანო პოლიტიკური პარტიები ერთი პლატფორმის ირგვლივ, რაც სწორედ ევროკავშირის მოთხოვნას უპასუხებდა იმისათვის, რომ წლის ბოლოს ჩვენ წარვდგეთ როგორც ქვეყანა, რომელმაც დააკმაყოფილა ამ რეკომენდაციების მთავარი ნაწილი, რომელიც ასევე ეხება სამართლის სფეროს რეფორმას, კორუფციას, დეოლიგარქიზაციას.


ჩვენ მთელი პროგრამა გვაქვს და ეს პროგრამა უნდა გავითავისოთ და წინ წავიდეთ ჩვენი დიდი მეზობლის ინტერესების მიუხედავად, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანს, როდესაც ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც არის რუსული კანონის იმიტაცია.


თქვენ თქვით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული გზის მომხრეა, მაგრამ მან მოიყვანა ხელისუფლებაში პარტია ,,ქართული ოცნება“, რადგან ის ამბობდა, რომ სურდა საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, და გააკეთა კიდევაც ეს. რატომ არის ასეთი შემობრუნება დღეს?

ეს ძალიან რთული ასახსნელია. სწორედ ამ უმრავლესობამ შეიტანა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაუფლებაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და ისევ ეს პარტია დღეს აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს ამ ინტეგრაციას. ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებაში.


თქვენ ისევ აპირებთ ვეტოს დადებას და შეუძლიათ თუ არა მათ ამ ვეტოს გადალახვა?

დიახ, დიახ მე ვაპირებ ვეტოს დადებას, რადგან ეს მოსახლეობის სურვილთან ჩემი სოლიდარობის გამოხატვის საშუალებაა და დიახ, მათ შეუძლიათ მისი გადალახვა. ამისთვის იმავე რაოდენობის ხმებია საჭირო, რაც კანონის მისაღებად პირველ მოსმენაზე, და რა რაოდენობაც უდავოდ ექნებათ მეორე და მესამე მოსმენაზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს პარტია დღეს პოზიციონირდება როგორც ერთიანი პარტია, არანაირი განსხვავებული ხმა არ არსებობს და ისინი აუცილებლად გადალახავს ვეტოს, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო შორს მიდის. როგორც გითხარით, მე ვცდილობ პლატფორმის განვითარებას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ნამდვილი პასუხი იქნება იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სადაც დაისმება კითხვა ევროპა, ან რუსეთი და ამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ რომელ მხარეს სურს წასვლა.


ეს არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი იქნება თქვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის?

ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რადგან ჩვენ მუდმივად გადამწყვეტი მომენტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ იცის თუ საით მიდის და იცის საით უნდა წასვლა.