დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან.
„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად.
„გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.