შარლ მიშელი: მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამჯერად Euronews-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წამოჭრილი სადავო კანონპროექტის კენჭისყრის პროცესს. 
 

„მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით. იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო," განუცხადა Euronews-ს შარლ მიშელმა. 

როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“


გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მიშელმა ინტერვიუში და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. 17 აპრილს პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.


შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.