ერევანი და ერ-რიადი დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისთვის „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
მან ერ-რიადში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით.
„ისტორიულად ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, ყველა არაბულ ქვეყანასთან და ეს ურთიერთობები ეფუძნება ტრადიციულ, ისტორიულად მეგობრულ კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის, არაბ ხალხსა და სომხეთს შორის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი არაბული ქვეყანა გახდა სომეხი ლტოლვილების, სომხების გენოციდის გადარჩენის სამშობლო.
მაგრამ, რა თქმა უნდა, კულტურული კავშირები, ურთიერთობები მანამდეც იყო. ასე რომ, ამ კონტექსტში, ცოტა უცნაურიც იყო, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ არსებობდა.
და ამ თვალსაზრისით, 2023 წელი მართლაც ისტორიული წელი იყო: ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ახლა კი, მე ვესტუმრე რიადს, მაქვს შეხვედრები შესაბამის ოფიციალურ პირებთან და აქ ჩემს კოლეგებთან. და აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა, სომხეთი და საუდის არაბეთი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ გვინდა აქ გაჩერება.
იმდენი სფეროა, იმდენი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა და არის იმდენი სფერო, სადაც შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. იმედია, ამ ვიზიტის შემდეგ გაჩნდება საგზაო რუკა - ჩვენი ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკა.
მე მქონდა შეხვედრები ერ-რიადში, არამხოლოდ ჩემს კოლეგასთან, მის უმაღლესობასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან, არამედ, მიმიღეს ეკონომიკისა და დაგეგმვისა და განათლების სამინისტროში, სადაც შევხვდი ჩემს კოლეგებს და განვიხილეთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არ არის შეზღუდვა: განათლება, მეცნიერება, მოწინავე ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ადამიანთა შორის კონტაქტები, სავაჭრო ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი რამ ხდება ადგილზე აქ საუდის არაბეთში, ასევე სომხეთში.
და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობისთვის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია. ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რეგიონულსაკითხებს, მაგრამ ასევე საერთაშორისო ფორუმებს,“ აღნიშნა მირზოიანმა.