"მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ სწორედ იმას, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ სადაც მოხვდა, ანუ რომელიღაც ერთ პარტიულ ტელევიზიაში, რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისდოთ და რა მიზანს ისახავდა', - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“, მის დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები. თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი. რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის აზრით, გავრცელებული ჩანაწერების მიზანია, "რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები".
"ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„მინდა, როგორც ერთმა დეპუტატმა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ალბათ, მათთვის საკმარისი აღარ არის პარტიებს შორის დაპირისპირება და ყველაფერს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ქუჩაში მყოფი დამქაშები, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც მიზეზები გააჩინონ. ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება.
თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.