სუნაკი და სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთში ჩავლენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთს ეწვევიან.

დონალდ ტუსკის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი არის პოლონეთის გეგმის ნაწილი უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.


„ეს არის ჩემი მისიის გაგრძელება, რათა აღვადგინო და გავაფართოო პოლონეთის პოზიციები უსაფრთხოების პოლიტიკაში. ვზრუნავ, რომ მოკავშირეებად გვყავდეს განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ – ბრიტანელები, სკანდინავიელები, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, რათა ჩვენი მუშაობა უკეთ იყოს კოორდინირებული,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკს კითხვა დაუსვეს, შეუერთდება თუ არა პოლონეთი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების მიწოდების ინიციატივას, რაზეც ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, არსებობს სხვა ტიპის იარაღებიც, რომლებიც ცის დაცვას უწყობს ხელს და ამ კუთხით პოლონეთი უკრაინის დახმარებას შეძლებს.