უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის პირად როლს ხაზი გაუსვა.
„კანონის მიღების შემდეგ თავდაცვის პირველი პაკეტი განვიხილეთ. მე პრეზიდენტის გარანტიები მაქვს, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და იგი ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და საარტილერიო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ასევე, ჩვენ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მომავალი მშვიდობის სამიტის მომზადების საკითხები განვიხილეთ,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.