შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

შსს განცხადებას ავრცელებს და „მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ. ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”

მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.