ო'ბრაიენი კიევში: უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ძალიან მალე მიიღებს

უკრაინის მომავალი დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად განხორციელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება რეფორმები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ამჟამად უკრაინა დახმარებას რუსეთის შეჭრის ფონზე იღებს.

„ჩვენი დახმარება აქ არის იმის გამო, რომ უკრაინაში უკანონოდ შეიჭრნენ; რადგან უკრაინა დემოკრატიულია; რადგან უკრაინა რეფორმებს ატარებს თავისი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად,“ - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისი თქმით, შემდგომი დახმარებისთვის უკრაინამ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების ყველა ელემენტში. 


„ასე რომ, ეს ნამდვილად არის პირობა - მეტი პროგრესის დანახვა, რაც ნიშნავს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების გაძლიერებას, ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც წყვეტენ დავებს, იქნება ეს სასამართლოები, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მათგანს შეუძლია, გააკეთოს თავისი საქმეები ფავორიტიზმისა და ჩარევის გარეშე, ამდენად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა.


მან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრი ერმაკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება და კოორდინირებული ნაბიჯები ამ დოკუმენტის შემდგომი განვითარებისთვის.


ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს „ძალიან მალე“ მიიღებს, როგორც კი სენატი მას დაატმიცებს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს შესაბამის კანონს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რას შეიძლება, მოიცავდეს პაკეტი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს იქნება ის, რაც უკრაინას სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად."

„იქნება ელემენტები, რომლებიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას. ეს არ ეხება მხოლოდ Patriot-ებს, ასევე ეხება სისტემებს, რომლებსაც დარტმა მიაქვს თვითმფრინავებზე. იქნება ელემენტები, რომლებიც დაეხმარება უკრაინას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.