გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ საქმეზე დაკავებული პირებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სამართლიაი და ობიექტური გადაწყვეტილებაა.
როგორც ნიკოლაძემ Europetime-ს განუცხადა, დაკავებულები უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლი მეტს არ ითვალისწინებდა.
,,სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რა მოლოდინიც ოჯახს გვქონდა, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო?! ვინ გადარია ესენი, რომ ამ მტკიცებულებების ფონზე შეიძლებოდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, არ ვიცი. ჩვენ კატეგორიულად ვამბობდით, რომ დადასტურებული იყო ყველაფერი. რა თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ, ძირს ფორთხიალობენ, ვითომ არ იციან, რომ მკვლელები არიან და ვითომ სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტურია, კარგით რა, ვის სჯერა?!
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდათ, თორემ ყველამ ყველაფრი იცოდა და ყველა ყველაფრის მოლოდინში იყო, ახლა თურმე არაფრის მოლოდინში არ არიან. ზღაპარია ეს ყველაფერი.
მოსამართლის გადაწყვეტილება სწორი იყო, ობიექტური, რა უნდა ექნა სხვა?! ძალიან კარგი, დასასჯელები არიან, ღირსები არიან. მეტი აღარ იყო კანონით დასასჯელი, თორემ უნდა მიესაჯათ, თუმცა მუხლით აღარ იყო მეტი", - განაცხადა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთივე ბრალდებული მოსამართემ დამნაშავედ სცნო
პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი;
ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი;
2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
დაკავებულთაგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა.