სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ანდრო ჭელიძეზე იძალადეს. ორგანიზაციის ცნობით, 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, „ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.“
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.
დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.