აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი ევროპის ქვეყნების საწყობებშია - მედია

CNN-ის ცნობით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში გათვალისწინებული იარაღის უმეტესობა, რომელიც შესაბამისი კანონის დამტკიცების დასრულების შემდეგ მიეწოდება კიევს, უკვე გერმანიისა და პოლონეთის საწყობებშია.


მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები ამაზე ღიად არ საუბრობენ, წყაროს თქმით, ამ დახმარების დიდი ნაწილი უკვე ინახება გერმანიისა და პოლონეთის საწყობებში, რაც, როგორც ჩანს, შეამცირებს უკრაინაში მისი გადატანის დროს. წყარომ ასევე განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები იქნება ერთ-ერთი პირველი მასალა, რომელიც უკრაინას მიეწოდება.


Politico 19 აპრილს წერდა, რომ ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. 

შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.