ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, უარი თქვას რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლაზე სკოლებში. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად, დებატების გარეშე დაამტკიცა, იუწყება პორტალი „დელფი.“
დოკუმენტის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2025 წლის პირველ სექტემბრამდე მეორე უცხო ენად რუსული აირჩიეს, მისი სწავლა სასკოლო სასწავლო გეგმის დასრულებამდე შეეძლებათ. თუმცა, 2026 წლიდან დაწყებული სასწავლო წლიდან, რუსულის ნაცვლად, სტუდენტებს შესთავაზებენ ევროკავშირის, ევროზონის ქვეყნების ოფიციალურ ენებს ან განათლების შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით რეგულირებულ უცხო ენას.
ამ დროისთვის ლატვიელი სკოლის, მოსწავლეები სწავლის დაწყებიდანვე სწავლობენ ინგლისურს, როგორც პირველ უცხო ენას, მეორე უცხო ენის შესწავლას კი, მე-4 კლასიდან იწყებენ. თეორიულად, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ფრანგული, გერმანული და სხვა ენები, როგორც მეორე უცხო ენა, მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად ისწავლება რუსული, რადგან სკოლებში სხვა ენების საკმარისი მასწავლებელი არ არის.
ამის გამო, ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ლატვიის სკოლების თითქმის ნახევარში რუსული მეორე უცხო ენად ისწავლება. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ სთავაზობს მოსწავლეებს რუსულის ალტერნატივას.
მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის მიტოვება ეტაპობრივად მოხდება - ის თანდათან და არა ერთბაშად ჩანაცვლდება გერმანულით, ფრანგულად, ესპანურით და ა.შ. ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქვეყანას სჭირდება შესაბამისი ენების მასწავლებლების მომზადება. ამასთან, იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც არ სურთ რუსულის, როგორც უცხო ენის შესწავლა, წელს შეუძლიათ, უარი თქვან მასზე. მათ უფლება აქვთ, არ ჩააბარონ გამოცდა ამ საგანში. გასულ შემოდგომაზე ლატვიის სეიმმა დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც უკრაინის ომის გათვალისწინებით მომზადდა. დოკუმენტი ავალდებულებს ლატვიურ საჯარო მედიას 2026 წლის პირველი იანვრიდან გამოიყენოს მხოლოდ ლატვიური ენა ან ენა, რომელიც „ევროპულ კულტურულ სივრცეს ეკუთვნის.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიურ მედიაში რუსული ენის აკრძალვას უხეში დისკრიმინაცია უწოდა.
„როდესაც სახელმწიფო შეწყვეტს რუსულენოვანი კონტენტის დაფინანსებას, ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნის პროცესი დასრულდება და რუსულენოვანი კონტენტი კომერციულ მედიაში კერძო ხარჯებით გააგრძელებს არსებობას,“ - ნათქვამია სეიმის შეტყობინებაში.