გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

"შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა ის მექანიზმი რაც კანონით არის განსაზღვრული, ჩვენ ამოვწურავთ ამას. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა შემდეგ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. იქ უკვე ალბათ მივაღწევთ სიმართლეს", - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური.

"არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება, არაფერში არ ჯდება ეს გადაწყვეტილება. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, - უთხრა ჟურნალისტებს ბექა ნემსიწვერაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;

ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი;

ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი;

2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.