ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. მან ასევე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი მოსახლეობის ოცნების ასასრულებლად და არ გააწბილოს ქართველი ხალხი.
„დღეს ჩემი ბოლო მიმართვაა პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის და ევროაკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. მე მაქვს ორი გზავნილი, პირველი - საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ, კერძოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიმართ, გთხოვთ, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. ეს არ ეხება მხოლოდ ამ კანონპროექტს, სამწუხაროდ, ეს ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის უფრო ხანგრძლივი პროცესია. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
არ გააწბილოთ ხალხი. მეორე - მე მსურს დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ-წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი,“ - განაცხადა მარია კალიურანდმა.
23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს.
„მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას - ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, - განაცხადა სტრასბურგში პეტრას აუსტრევიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკური ჯგუფიდან, „განაახლე ევროპა“. ხარაზიშვილი ახსენა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელმაც განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მთავრობამ გატეხა პირობა და ძალით ცდილობს კანონის მიღებას. აქვთ გეგმები ლგბტ ადამიანების უფლებების ჩასახშობად. დემონსტრანტები რეპრესიების წინაშე დგანან. ამჯერად, ზვიად ხარაზიშვილისგან.“
ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, ზვიად ხარაზიშვილი კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე რამდენიმე გამომსვლელმა ისაუბრა, მათ შორის ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა.