„ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, „საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.“


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში.


„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება „უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება, ჰქონდეს მას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში," - წერს ნაუსედა თავის მხრივ, სოციალურ პლატორმა X-ზე.