ვინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე: არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის.


„ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის შემოღების მცდელობას, რადგან ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ის, რისი გაკეთებისკენაც მან ჩვენს ქართველ მეგობრებს მოუწოდა. მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის,“ - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა IPN-ის ცნობით.


ვინიკოვის თქმით, მან ასევე მოისმინა ის განცხადებებიც, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გააკეთეს.

„რისი თქმაც შემიძლია NATO-ს მხრიდან, არის, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ჩვენ გვსურს, რათა ქვეყანამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.


ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.