USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება.
„როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე, ევროკავშირმა განაცხადეს, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული. შესაძლოა, (ქვეყანამ, რედ.) ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო.
შესაბამისად, ამას ექნება გავლენა როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID-ი გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალში,“ – განაცხადა პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.