პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში.


„ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.

ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.