უკრაინა იმედოვნებს, რომ გააგრძელებს მუშაობას ვაშინგტონთან, მიუხედავად ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ამ წლის ბოლოს გაიმართება, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ომის დასრულება 24 საათში შეიძლება, მაგრამ არ განუმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას. მან ასევე განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში უკრაინას თავდაცვითი დახმარების გაწევის ვალდებულებას არ მიიღებს. The Washington Post-ი 7 აპრილს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპმა პირადად განაცხადა, რომ მას შეუძლია, დაასრულოს რუსეთთან ომი, უკრაინაზე ზეწოლით, რომ მან ყირიმი და დონბასი მოსკოვს დაუთმოს. ეს ცნობა მოგვიანებით, ტრამპის კამპანიამ უარყო.
კითხვას, შეეძლო თუ არა უკრაინას ტრამპთან მუშაობა, თუ მას აირჩევენ, ზელენსკიმ უპასუხა: ”იმედი მაქვს, რომ ის არ იქნება უკრაინის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული შეხედულებები ზოგიერთ საკითხზე, მათ შორის, ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალზე. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები და საერთო ღირებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმუშაოთ (ტრამპთან). არჩევნები დაფუძნებული იქნება ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებაზე და უკრაინა „იმუშავებს ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ისინი აირჩევენ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-სთან ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მსოფლიო ლიდერი.“
ზელენსკიმ არაერთხელ მიიწვია ტრამპი უკრაინაში, როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ, რათა საკუთარი თვალით ენახა ქვეყანაში არსებული ვითარება. ზელენსკის თქმით, ტრამპმა ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.