სლოვაკეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი მოჰყვა

სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლებას გულისხმობს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კულტურის სამინისტროს წინადადება არსებული რადიოსა და ტელევიზიის (RTVS) გაუქმების შესახებ. მას ახალი სტრუქტურა - სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო (STVR) ჩაანაცვლებს. საბჭო წევრებს მინისტრები და პრემიერ რობერტ ფიცოს მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დანიშნავენ.


„ჩვენ ვაბრუნებთ სახელს - „Slovak“ ("სლოვაკების" და არა "სლოვაკეთის" საზოგადოებრივი მაუწყებელი, რედ.), რაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალსახად ეროვნული და სახელმწიფოს მაფორმირებელი ბუნების გამოხატულებაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მარტინა სმიკოვცოვამ. თავად ყოფილმა ტელეჟურნალისტმა განმარტა, რომ RTVS-ს ბრალი ედებოდა  „პოლიტიკურ აქტივიზმში“ და რომ ცვლილებები ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობიდან გამომდინარე.


როგორც BBC წერს, მთავრობის გეგმებმა ათასობით სლოვაკის, ასევე, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტები შავებში გამოეწყვნენ. გასულ თვეში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა წინადადების ავტორები, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „სახელმწიფო კონტროლირებად მედიად“ გადაქცევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.


„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა პავოლ სალაიმ განაცხადა, რომ ფიცომ გადაწყვიტა, ომი გამოუცხადოს დამოუკიდებელ მედიას.

როგორც მისი მისაბაძი მაგალითი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო კრიტიკულ კერძო მედიას, მტრულად განწყობილს უწოდებს. „ასე რომ მას აქვს დამატებითი საბაბი მედიის პოლიტიკური კონტროლისთვის,“ ციტირებს Guardian-ი მის სიტყვებს.

ცვლილებები პარლამენტს წარედგინება, სადაც რობერტ ფიცოს მთავრობას უმრავლესობა აქვს. ცვლილებები სავარაუდოდ, ივნისში შევა ძალაში.

სლოვაკეთის პრემიერი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. მისმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა.