საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაციით, ევროკავშირს რეგიონში შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია - კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგ, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმატებული მედიაცია, თვითონ ევროკავშირის ინტერესებში შედის, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ, ევროკავშირს რეგიონში თავისი შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია.

როგორც Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, როდესაც დასავლეთი ფაქტობრივად არ მონაწილეობდა მიმდინარე მოვლენებში.

„როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, თავისი როლის წარმოსაჩენად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება ევროკავშირსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება ორმხრივი უნდა იყოს. თუმცა, თვითონ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა საერთაშორისო მედიატორი მიიღებს. უბრალოდ, ისინი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელ პლატფორმას ქმნიან და ორივე მხარეს ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, მათ ნაცვლად ამას ვერავინ გადაწყვეტს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა, სულაც არ ნიშნავს იმას, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს.

მისი თქმით, ის ფაქტი რომ, 2013 წელს დანიელსონი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებაზე ნამდვილად არ მიანიშნებს.

„მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და მან იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან, მოლოდინი სწორედ ეს არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩახედულია ამ რეგიონის პოლიტიკაში, დაინიშნა მოლაპარაკებების შუამავლად. ეს გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარმატებული მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და პანდემიით გამოწვეული გართულებები. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომელიც ეცდება ქვეყანა გამოიყვანოს ამ შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენ კიდევ, ჭრილობაზე მარილის მიმოყრასავით გამოგვდის“, - განუცხადა Europetime-ს კორნელი კაკაჩიამ.

მისივე თქმით, თუ ორივე მხრიდან იქნება კეთილი ნება, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი.

„ეს ჯერჯერობით არ ჩანს და ამიტომ ხდება ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.