აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ზომები დრონებით ვაჭრობასა და მათ წარმოებას შეეხება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი.


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იყოს გამოყენებული.


კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა. 14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.