სტოლტენბერგი: შეცდომა დავუშვით, როდესაც დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე - ეს შეცდომა ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო.


სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუკი სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კრიტიკულად სჭირდება მხარდაჭერა ჩინეთისგან, რომელიც მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მაღალტექნოლოგიური საქონლის, განსაკუთრებით, ნახევარგამტარების მიწოდებით ამარაგებს.


„წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ალიანსის გენმდივნის თქმით, „რუსეთმა შარშან მიკროელექტრონული საშუალებების 90%-ის იმპორტი ჩინეთიდან განახორციელა, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების დასამზადებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთს სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე.“

მისი თქმით, ჩინეთმა განაცხადა, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან, თუმცა, შეუძლებელია, „ასაზრდოო რუსეთის ომი და კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან.“