ზურაბ მახარაძის თქმით, რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის ინფორმაციით, ცესკომ მათი ახალი პარტიის, „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.


ცესკოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილი, რომლითაც მათ საარჩევნო ადმინისტრაციას აცნობეს, რომ „უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა“.

ზურაბ მახარაძემ „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ცესკოს წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრმა წარმოებაში მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ცესკომ პარტია „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა.


„ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო.
ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც „ოცნება“ ,,ქართულ იდეას“ აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ, იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ,“ - აცხადებს ზურაბ მახარაძე.

მასალა განახლებადია