გიტანას ნაუსედა: საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს, რეაგირება უნდა მოვახდინოთ

გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას.


„ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან - სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ,“ – განაცხადა ნაუსედამ.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.