ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე

ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი „შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა „დაარწმუნონ ისინი, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს.“


„ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.


რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, გავეცანი მის შინაარსს. ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საფუძველს მოკლებული განცხადებაა.


„რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული.


იმასაც დავამატებ, რომ ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავალთ წინ. საჭიროა კომუნიკაცია, დიალოგიც, რათა ეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა მოიხსნას, რომ არ იყოს ეს ბუნდოვანება საზოგადოებაში შექმნილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.