ავსტრალია უკრაინას $32,5 მილიონის ღირებულების დრონებს მიაწვდის

ავსტრალია უკრაინას 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ავსტრალიის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


დრონების კოალიციის ფარგლებში, ავსტრალია მოგვაწვდის 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე, RBS 70-ის გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი პარტია, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულებისაა, უკრაინაში გაიგზავნება," - აღნიშნა შმიგალმა.


მან ასევე განაცხადა, რომ მარლსთან შეხვედრაზე სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიანია და მას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს," - განაცხადა შმიგალმა.


მისი თქმით, სამხედრო ასპექტში უკრაინა დაინტერესებულია თავდაცვის უნარების გაძლიერებითა და ბრძოლის ველზე წარმატების წინაპირობების დამკვიდრებით.

ცნობისთვის, მარტში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის დრონების კოალიციას შეუერთდა.