გერმანიის პოლიცია უკრაინის ორი მოქალაქის მკვლელობას იძიებს, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა

გერმანიის ადგილობრივმა პოლიციამ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ რუსი მოქალაქე ეჭვმიტანილია ორი უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობაში, უკრაინელები 27 აპრილს ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში დაჭრეს.


შსს-ს ცნობით, 23 და 36 წლის ორი მამაკაცი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანი მძიმე დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში - იმავე საღამოს.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს, გვიან ღამით, გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მოკლული უკრაინელები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, მინისტრ დმიტრო კულებას გერმანიის სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მკვლელობის დეტალებსა და მოტივებს იძიებენ.


პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, რუსეთის 57 წლის მოქალაქე - საკუთარ სახლში დააკავეს.