„უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. როცა დრო დადგება, უკრაინა შეძლებს დაუყოვნებლივ გახდეს NATO-ს წევრი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა NATO-ს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება. მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დასავლეთს უმოქმედობას ვერ აიძულებს.
„რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ამავე დროს, მე ვიცი, რომ მხარდაჭერის სერიოზული შეფერხებები სერიოზულ შედეგებს ნიშნავდა ბრძოლის ველზე. თვეების განმავლობაში, აშშ ვერ ახერხებდა დახმარების პაკეტზე შეთანხმებას და ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს საბრძოლო მასალის მიწოდება იმ მასშტაბით, რასაც დაგპირდით. უკრაინა თვეების განმავლობაში იძულებული იყო საბრძოლო მასალის გამოყენება შეეზღუდა.
ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და რუსეთმა ფრონტის ხაზის გასწვრივ წინსვლა შეძლო, მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის. მეტი მხარდაჭერა გზაშია,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.