ბერა ივანიშვილი: ,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით

პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები 2011 წელს უკავშირდება, თუმცა არ აპირებს ამ ჩანაწერების ავთენტურობაზე საუბარს.

,,ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი, იყო, მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არასოდეს ყოფილა.

ამ ამბავში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე თავდასხმა, ისეთ საზიზღობებს ამბობდნენ, რასაც ვერ ვიტყვი. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის. ისინი მივიდნენ და გაესაუბრნენ რამდენიმე თინეიჯერის მშობელს ყველა წესის დაცვით.

მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ეს იყო თუ არ იყო ავთენტური, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე მე დედას შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ. ყველა ქართველი კაცი ასე მოიქცევა.

,,ტრიტრი" საიდან გაიგეს არ ვიცი, მე და ირაკლი ერთმანეთს ფრანგულად ვეხუმრებოდით", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.