იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
განხილვის დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები."
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.