კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპორექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავებულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებას. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პუტინმა ეს კანონი გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, გაეუქმებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა სასტიკი დიქტატორული მმართველობა.
„შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება,“ ნათქვამია განცხადებაში.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩართვის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს,“ წერენ კონგრესმენები.