საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს ვერა იუროვას შეხვდა. ამასთან დაკავშირებით, იუროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ უცხოური აგენტების კანონი საქართველოში.
„უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სწორი მიდგომაა - ფოკუსირება გამჭვირვალობაზე. საქართველოსთვის შთამაგონებელი უნდა იყოს ევროკავშირი. სანქციაზე/იარლიყზე/აქტორების შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას,” – წერს იუროვა.
გარდა ამისა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ. ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ.
ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება, ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ევროკომისარმა.
- მან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩია, გადახედოს ევროკავშირის დირექტივას.
„მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზირება და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის.
განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა, არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება,“ - განაცხადა იუროვამ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც.
მისივ ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე, იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
„ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე, მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.
ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა,“ წერს საგარეო უწყება.
ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.