ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ შოკირებულია თბილისში მიმდინარე პროცესებით. ის ლიეტუველების მხრიდან ქართველების მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველებს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის მომენტიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარდამხარ ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვის გამო,“ წერს ლიეტუველი დიპლომატი.
ის ამბობს, რომ შოკირებულია, როდესაც ხედავს, ცდილობენ, ქართველებს წაართვან თავისუფლება მათ, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინია, მაგრამ ამავე დროს, ლანდსბერგისი ხაზს უსვამს, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები მარად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება,“ წერს ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუნებლის გუშინდელ გამოსვლაზეც. ის „გულისტკივილით“ აღნიშნავს, რომ „მოისმინა რა ივანიშვილის ხედვა საქართველოს შესახებ“, განადგურებულია ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან ურთიერთობების უეცარი ცვლილების გამო.
„გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. განადგურებული ვარ ურთიერთობების უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს, მეგობარს ვკარგავთ,“ წერს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.