საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების კომპეტენციაა, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ.
ლევან იოსელიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება.
„მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ეს ორი ადამიანი არის შემოყვანილი კლინიკაში. ლევან ხაბეიშვილის შესახებ გავრცელდა მისი ფოტო მასალა და მას აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა.
რაც შეეხება სოფო ჯაფარიძე, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს.
ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება.
ჩვენებაში ვინც იქნება მითითებული ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, ვისზეც მიუთოებს დაზარალებული, რომ მისი მხრიდან ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი.