კრამონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებას და მთავრობის დაფინანსების შეჩერებას ურჩევს

ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის, რასაც საქართველოში ხალხი ელოდება და იმსახურებს.

დღეს, პირველ მაისს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.