ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 6 მილიარდი კრონი, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება.
ამ ცვლილებებით, 2024 წელს უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური ოდენობა 22 მილიარდ კრონს მიაღწევს.