ბერბოკი: ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართვეკლოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა," - წერს ანალენა ბერბოკი.


30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი.


სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.