ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრები: საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს

ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლებაში მყოფთ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამოსავლის ძიებაზე და იმაზე, რომ არ უპასუხონ პროვოკაციებს არაპროპრციულად. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ოდირმა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს და მოვუწოდებ მათ მოკავშირე პარტიებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებისა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მუშაობის გაგრძელების ადგილი“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადებაში.

მიქსერი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე საუბრობს:

„ქართველი ხალხის დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი ლეგიტიმური მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი არ შეიძლება, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების მძევალი. შესაბამისად, როგორ მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციაში ზომიერმა პირებმა უპირატესობა უნდა მოიპოვონ, პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა დადგნენ და გადაჭრან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი“, – აღნიშნულია სვენ მიქსერის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში მოცემულია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მოსაზრებაც, რომელიც აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა საქარველოში ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე.

„საქართველო წლების განმავლობაში ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მაგალითად მიიჩნეოდა, რომელსაც აქებდნენ მისი სოციალ-ეკონომიკური და პროევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ, ყველა ეს მიღწევა ახლა რისკის ქვეშაა. დასაკარგი დრო არ არის: პოლიტიკურ დაპირისპირებებში პარტიების ფსონების გაზრდის ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურმა მოქმედმა პირებმა ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე, კერძოდ, პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებსა და პროევროპულ რეფორმებზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.

არსებული პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს მიმდინარე სასამართლო რეფორმების მნიშვნელობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დასამკვიდრებლად. ეს ძირითადად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხება.

სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვალდებულებას, პარტიები მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს და ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიოს“, – წერს კალიურანდი.