საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე პროტესტს ღიად გამოხატავენ.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი წიქარიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც "საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას."
ცისკარიშვილი ამბობს, რომ სადავო კანონპროექტზე საკუთარი ღია პროტესტის დაფიქსირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე. გიორგი წიქარიშვილი სხვადასხვა დროს რუმინეთსა და იორდანიაში მუშაობდა საქართველოს საელჩოებში.
„როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - წერს ის.
სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პოსტს ასევე აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე პროტესტს უერთდება კიდევ ერთი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე. ის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია.
„როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!" - წერს ალექსანდრე გოგოლაძე და კოლეგებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების საჯარო განცხადებებს წინ უძღოდა ქართველი დიპლომატების განცხადება, რომელშიც ისინი კოლეგებს სთხოვდნენ, დაერღვიათ სიჩუმე და დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.