პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
"ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა-ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს", - აცხადებს თალაკვაძე.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.