ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე

ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.


„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „მათ არ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ.


მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.