ქემერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინის უფლებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელების წინაშე გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა.


ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა ასევე განმარტა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, ბრიტანელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია.


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მანვე გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის, მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.