ორი გერმანელი ბიზნესმენი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ აწვდიდნენ რუსეთს დრონებისთვის საჭირო ელექტრო კომპონენტებს, შტუტგარტის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოში წარსდგებიან. ამის შესახებ N-tv იუწყება.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათი მომხმარებელი რუსეთში სამხედრო მასალებს და კომპონენტებს ამზადებდა. საუბარია, სავარაუდოდ, უპილოტო თვითმფრინავ Orlan-10-ზე, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში იყენებენ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მიწოდებული ელექტრო კომპონენტები ამ ტიპის დრონის საერთო კომპონენტია და ექვემდებარება ევროკავშირის ემბარგოს რუსეთზე. უკანონოდ მიწოდებული კომპონენტები დაახლოებით 875 ათასი ევრო ღირდა.
მარტში ჰამბურგის პროკურატურამ ბრალი წაუყენა გერმანული კომპანია Siemens-ის ხუთ თანამშრომელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გაზის ტურბინების ექსპორტისთვის, რაც ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2017 წელს. დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ ვაჭრობა ყირიმთან, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. შეგახსენებთ, რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს.