პრემიერ მინისტრის სახლთან „მოძრაობამ საქართველოსთვის" საპროტესტო აქცია გამართა

„მოძრაობამ საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა საღებავებით ასფალტზე წარწერები გააკეთეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ მისცა.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.