უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს. ერთ-ერთ ამ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოეწერება ხელი. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შვიდ ახალ დოკუმენტზე - უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე. კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე. დღეს გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ დოკუმენტების კონკრეტულ დეტალებზე, მათ შორის, იარაღზე, ფინანსებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ზოგიერთ მათგანთან უკვე გვაქვს შეთანხმებების წინასწარი ტექსტი,“ - განმარტა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თითოეული შეთანხმება მხარს უჭერს უკრაინას წელს და მომავალ წლებში.
„ეს არის "უსაფრთხოების არქიტექტურა NATO-ს გაწევრიანებამდე. ჩვენ ვავსებთ შეთანხმებების პროექტს უფრო ძლიერი შესაძლებლობებით უკრაინისთვის და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის პარტნიორებთან. ცხადია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს მეტ დაცვას რუსული ტერორისგან," - აღნიშნა ზელენსკიმ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკრაინას უკვე აქვს გაფორმებული ცხრა ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან და ლატვიასთან. ეს დოკუმენტი გაფორმებულია G7-ის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის მხარდასაჭერად.